Скачать шаблоны для Юкоз
მთავარი » 2013 » თებერვალი » 12 » ჩაუ ჩაუ
2:58 AM
ჩაუ ჩაუ

ერთი შეხედვით სათნო და საყვარელი შეხედულების ძაღლი, ჩაუ-ჩაუ, საკმაოდ თამამი და შეუდრეკელი ხასიათით გამოირჩევა. ის საკმაოდ დიდი ხნის ისტორიას ითვლის და ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ფიქსირდება. ჩაუ-ჩაუს ჯიშზე უფრო დაწვრილებით კინოლოგიური კლუბის „ქენელ ლენდის" ხელმძღვანელი, გია ჭულუხაძე მოგვითხრობს: 

ჩაუ-ჩაუ ჩინური ჯიშია, ისევე როგორც შარპეი და, როგორც ჩინელები ამბობენ ძალიან ძველი ჯიში. ამ ტიპის ძაღლებზე ჩანაწერები ჯერ ჯიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში არსებობს. ჩაუ-ჩაუს სპეციფიკური ნიშანია ლურჯი ფერის ენა. ის ორნაირია: გრძელბეწვიანი და მოკლებეწვიანი. ჩინეთში მას იყენებდნენ როგორც საომარ, საბრძოლო და სანადირო ძაღლს. ძალიან მძლავრი ფსიქიკის და ჩუმი ძაღლი იყო. შემდეგ მოვიდა მაო და წავიდა ჩაუ. რადგან მაომ თქვა, ეს კაპიტალიზმის გადმონაშთიაო, არ დაინდეს არაფერი, დაესივნენ ჩინელები და, სადაც ძაღლი ნახეს, ჭამეს და ჭამეს. ტაივანი მაშინ ცალკე იყო ჩინეთისგან, უფრო ინგლისის კოლონიად ითვლებოდა. ამიტომ ამ ძაღლების გაყვანა იქიდან ამერიკასა და ევროპაში ხდებოდა. სწორედ ამის წყალობით გადაურჩა ეს ჯიში უკვალოდ გაქრობას. მოგვიანებით ჩაუ-ჩაუს პოპულარიზება ევროპაში მოხდა, შემდეგ უკვე ამერიკაშიც. ჯიშის პოპულარიზაცია 1880-90-იანი წლებიდან საკმაოდ გაიზარდა. შემდეგ ამერიკელები ჩაერივნენ და, ჩემი აზრით, რამდენიმე ჯიშიც შეურიეს მას. ისეთი ჩაუ-ჩაუ, როგორსაც დღეს ვხვდებით, მაშინ სანადიროდ ნაკლებად ივარგებდა. ძველად უფრო მოძრავები და „შეკრულები" იყვნენ. ამჟამად კი ჩაუ-ჩაუ შოუსთვის და ოჯახის ძაღლად უფრო ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ჩაუ-ჩაუ ოჯახისთვის ნაკლებად პრობლემურია, არ დაგავიწყდეთ მისი საბრძოლო წარსული და არ იფიქროთ, რომ რამეზე უკან დაიხევს. მიუხედავად თავისი შესახედაობისა, ძალიან ტემპერამენტიანი მებრძოლია. 

– რას ნიშნავს სახელი „ჩაუ-ჩაუ"? 

– „ჩაუ-ჩაუ" ანგლოჩინური სლენგია. წინათ, როცა საბაჟოებზე სხვადასხვა ნივთების განბაჟებას აკეთებდნენ, აუცილებლად უნდა ყოფილიყო მითითებული, რა საქონელი გადაჰქონდათ. ჩინელებს, როგორც ახლა, მაშინაც ათასი წვრილმანი გადაჰქონდათ საზღვარზე. მებაჟეებს ყველაფერი ცალ-ცალკე რომ ჩამოეწერათ, ერთი ფურცელი არ ეყოფოდათ. ამიტომ იყენებდნენ გამოთქმას „ჩაუ-ჩაუ" და ასევე წერდნენ. რადგან ძაღლებიც ასევე გადაჰყავდათ, ისინიც ამ სიაში ხვდებოდნენ. სწორედ აქედან ეწოდა ეს სახელი ამ ძაღლს და მას მერე „ჩაუ-ჩაუს" ეძახიან. 

– რა ღირსებით გამოირჩევა ჩაუ-ჩაუ? 

– ამბობენ, რომ ეს პირველადი ჯიშია. როგორც ამტკიცებდნენ, ის ლაიკასთან ნაჯვარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ლურჯი ენა ამ სქემაში არ ჯდება და დადგინდა, რომ ჩაუ-ჩაუ დამოუკიდებელი ჯიშის ძაღლია. 

ჩაუ-ჩაუ არც ისე მაღალია, საშუალოდ 43-51 სანტიმეტრია. ის ჰარმონიულად განიერი, ჩადგმული ძაღლია, კისერზე კარგი ფაფრით. აქვს შედარებით მოკლე ცხვირი, კარგად გამოკვეთილი „სტოპი", მაგრამ იმის გამო, რომ თვალსზედა ყვრიმალები კარგად აქვს განვითარებული, შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს „სტოპი" უფრო ღრმა და მაღალია. ძაღლი ჰარმონიული უნდა იყოს. მართალია, დიდი თავი აქვს, მაგრამ კორპუსზე ისე უნდა იყოს მორგებული, რომ ბალანსს არ არღვევდეს. 

– ჩაუ-ჩაუს სპეციფიკური ნიშანი რა არის? 

– უკანა ფეხების კიდურების კუთხეები გასწორებული უნდა იყოს და არა მკვეთრად გამოხატული. შესაბამისად, ტეხილი მოძრაობებით მიაბიჯებს, შოუ-რინგზე ეს ფასდება ხოლმე. სხვა ძაღლებისთვის ზედმეტად გამოხატული კინოლოგიური ნორმა აქ ცოტა გვერდზეა გადაწეული. 

– რა ფერის ჩაუ-ჩაუს ვხვდებით? 

– არის შავი ფერის, ისევე როგორც წითური, ჩალისფერი და კრემისფერი. 

– მათ ხასიათზე რას გვეტყვით? 

– რომ გითხრათ, დიდი მოყვარული და კუდის ქნევია ძაღლია-მეთქი, არა. ჩაუ-ჩაუ საკმაოდ ამპარტავანი და საკუთარ თავში დარწმუნებული ჩინელი „მანდარინია". ვისაც თავშეკავებული ძაღლი უყვარს, მისთვის ჩაუ-ჩაუ მისწრებაა. ისე, ცოტა კაცური ხვრინვაც იცის. 

– მის მინუსად რას დაასახელებთ? 

– თუ თვალის ზედა ნაწილში ბევრი ნაოჭი აქვს, ხშირად, შეიძლება, წამწამის ჩაბრუნება გამოიწვიოს. 

– ნაყარი რამდენი აქვთ? 

– ძირითადად 3-4 ლეკვს იგებენ, ამაზე ბევრი იშვიათად შეიძლება ჰყავდეთ. 

– რა ფასად არის ჩაუ-ჩაუს ლეკვის შეძენა შესაძლებელი? 

– ჩაუ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მისი ლეკვი დაახლოებით 300-500 დოლარი ღირს. 

– საქართველოში რომელია გავრცელებული – მოკლე თუ გრძელბეწვიანი? 

– გრძელბეწვიანი. მოკლებეწვიანი საკმაოდ ახალი ხილია, ამიტომ საქართველოში არ მინახავს. 

– სიცხეს როგორ ეგუებიან? 

– უფრო სიგრილე უყვართ, მაღალ სიცხეს ვერ იტანენ. მათზე სიცხე იმდენად მოქმედებს, რომ ამის გამო მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა იკლებს და სულ რაღაც 5-6 წელიწადს ცოცხლობენ. თუმცა, არის ქვეყნები, სადაც ჩაუ-ჩაუ 12-14 წელიწადს ცოცხლობს. ასე რომ, კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული ჩაუ-ჩაუს სიცოცხლის ხანგრძლივობა. 

– ჩაუ-ჩაუ საქრთველოში პოპულარულ ჯიშად ითვლება? 

– 10-12 წლის წინათ საკმარისი რაოდენობის იყო, მაგრამ ბოლო დროს შემცირდა, ისევე, როგორც სხვა ბევრი ჯიში. ეს იმით არის განპირობებული, რომ ჩაუ-ჩაუს სპეციფიკური მოვლა სჭირდება. ბეწვს ხშირად უნდა ვარცხნა, უნდა მოვარიდოთ სიცხეს და ასე შემდეგ.
წარმომავლობა. ჩაუ-ჩაუ ჩინეთში ცნობილია უკვე 2 ათასი წლის მანძილზე. მსგავს ძაღლებს სამხედრო მიზნებისათვის, სანადიროდ, გამწევი ძალისა და დარაჯის სახით იყენებდნენ. ზოგჯერ მას საკვებადაც იყენებდნენ ("ჩაუ” ნიშნავს "საკვებს”), ხოლო ჩაუ-ჩაუს ბეწვისაგან ამზადებდნენ ტანსაცმელს. ევროპაში ეს ჯიში პირველად 1865 წელს გაჩნდა, როდესაც ერთ-ერთი წარმომადგენელი დედოფალ ვიქტორიას აჩუქეს. 1887 წლიდან დიდ ბრიტანეთში სელექციონერებმა ჯიშთან მუშაობა დაიწყეს მეტად გულღია ჩაუ-ჩაუს გამოყვანის მიზნით. 1894 წელს მეძაღლეობის კლუბმა დაარეგისტრირა ჩაუ-ჩაუს ჯიში. ამჟამად, ჩაუ-ჩაუ ითვლება რჩეულ სახლის ძაღლად.
ჯიშის დახასიათება. ჩაუ-ჩაუ ძლიერი, მამაცი, დამოუკიდებელი და მშვიდი ძაღლია. იშვიათად იღებს ხმას და არ გამოირჩევა აქტიურობით. მას ძალიან უყვარდება პატრონი, მაგრამ თავს საკმაოდ განდევნილად იჭერს, არ ავლენს ემოციებს. უცხო ადამიანების მიმართ არაკეთილგანწყობილია – შეიძლება იყოს სახლის საკმაოდ კარგი დარაჯი. აგრესიულია სხვა ჯიშის ძაღლების მიმართ. საჭიროებს დაჟინებულ, მაგრამ მშვიდ წვრთნას. ჩაუ-ჩაუ მონადირული ძაღლია, ასევე გამოიყენება მსუბუქი ტვირთების გადასაზიდად.
აღწერა. ჩაუ-ჩაუს თავი დიდია, თავის ქალა – ბრტყელი, ფართო. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა გამოხატულია სუსტად. დრუნჩი ფართოა, ცხვირის ბიბილო – დიდი, მისი ფერი შეესაბამება ძაღლის შეფერილობას. ენა, სასა და ტუჩები შავ-ლურჯი ფერისაა. თვალები საკმაოდ პატარაა, ნუშისებრი ფორმის, მუქი. ცისფერი და ღია ყავისფერი შეფერილობის ძაღლებს შესაძლოა გააჩნდეთ ტონის შესაბამისი ფერის თვალები. ამ ჯიშის ყურები პატარაა, სქელი, ფართოდ დასმული, დაკიდებული, დახრილია ოდნავ წინ, რითაც დრუნჩს ანიჭებენ "ბრაზიან” გამომეტყველებას. კორპუსი პროპორციული აგებულობისაა, კისერი – ძლიერი, მასიური, მკერდი – ფართო, ზურგი – მოკლე, ჰორიზონტალური, ძლიერი, წელი – ღონიერი, კიდურები – კუნთოვანი, ძლიერი ჩონჩხით. მუხლის სახსრები გასწორებულია, რაც უზრუნველყოფს დამახასიათებელ არაბუნებრივ სვლას. ჩაუ-ჩაუს თათები პატარა და მრგვალი ფორმისაა, კუდი – მაღლა დასმული, გადაკიდულია ზურგს უკან და მჭიდროდ დევს მასზე რგოლში შემოხვეული. გრძელბეწვიანი ტიპი: ბეწვი ძალიან უხვი, ხშირი, სწორი, უხეში და ამოწეულია. კისერის მხარეში – განსაკუთრებით ხშირია, წარმოქმნის ფაფარს ან საყელოს, თეძოების ზურგის ნაწილში – ნიფხავს. ჩაუ-ჩაუს ქინქლი რბილი და ფუმფულაა. მოკლებეწვიანი ტიპი: ბეწვი უხვი, ხშირი, სწორი და მოკლეა. შეფერილობა: ერთტონიანი – შავი, წითელ-წითური, ნაცრისფერ-ცისფერი, მოყვითალო-ყავისფერი (ირმისფერი), კრემისფერი ან თეთრი. დაუშვებელია ლაქებიანი ან ფერადი შეფერილობა. კუდის ქვედა ნაწილი ხშირად ტონის მიხედვით უფრო ღიაა. სიმაღლე მინდაოში: ხვადი – 48-56 სმ, ძუ – 46-51 სმ. წონა: ხვადი – 20-25 კგ, ძუ – 18-20 კგ.







კატეგორია: ჩაუ ჩაუ | ნანახია: 3138 | დაამატა: ruska | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 lasha  
0
miyvars es zagli:D:D:D:D:D

სახელი *:
Email *:
კოდი *:
RSS лента